დონალდ ტუსკი - ევროკავშირს არ სურს კედლის აშენება, თუმცა „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცალ-ცალკე ივლიან
დონალდ ტუსკი - ევროკავშირს არ სურს კედლის აშენება, თუმცა „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცალ-ცალკე ივლიან

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ლუქსემბურში გამართულ პრესკონფერენციაზე „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირის დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობის გეგმის პროექტი წარადგინა.

როგორც ტუსკმა განაცხადა, ევროკავშირს არ სურს კედლის აშენება, თუმცა „ბრექსითის“ შემდეგ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცალ-ცალკე ივლიან.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ტერეზა მეი ნებისმიერ ფასად ცდილობს, აჩვენოს, რომ „ბრექსითი“ შესაძლებელია წარმატებული იყოს, თუმცა, ტუსკის განმარტებით, ეს ევროკავშირის მიზანი არ არის.

როგორც დონალდ ტუსკი აღნიშნავს, ევროკავშირს დიდ ბრიტანეთთან ამბიციური და განვითარებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება სურს ნულოვანი ტარიფებით, თუმცა „ბრექსითის“ შემდეგ, მხარეებს შორის ვაჭრობა არ გამარტივდება.

„ჩვენი შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას არ გაამარტივებს, უფრო გაართულებს და ყველა ჩვენგანისთვის უფრო ძვირადღირებულს გახდის, ვიდრე დღესაა. ამაშია „ბრექსითის“ არსი“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაძლიერების ნაცვლად, ეკონომიკურ კავშირებს შეასუსტებს.

როგორც ტუსკი აღნიშნავს, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად მიიღებს „მესამე ქვეყნის“ სტატუსს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოსთან ნებისმიერი შეთანხმება უფლებებისა და ვალდებულებების ბალანსს დაეყრდნობა.

როგორც BBC წერს, დონალდ ტუსკის მიერ წარდგენილი გეგმა ევროკავშირის 27 წევრმა 22 მარტს დაგეგმილ სამიტზე უნდა დაამტკიცოს. შემდეგ აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებლის მიშელ ბარნიეს მთავარ გზამკვლევად უნდა იქცეს, დიდ ბრიტანეთთან მომავალი ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებში.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს. ორივე მხარე აცხადებს, რომ მომავალ ურთიერთობებზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა შემოდგომისთვის სურთ, რომ პარლამენტებს შეთანხმების დასამტკიცებლად დრო ჰქონდეთ.