დონალდ ტუსკი - ევროკავშირის სტრუქტურაში საკვანძო თანამდებობებზე სრულყოფილი გენდერული ბალანსი დამყარდა
დონალდ ტუსკი - ევროკავშირის სტრუქტურაში საკვანძო თანამდებობებზე სრულყოფილი გენდერული ბალანსი დამყარდა

ევროკავშირის სტრუქტურაში საკვანძო თანამდებობებზე სრულყოფილი გენდერული ბალანსი დამყარდა, – ამის შესახებ დონალდ ტუსკმა განაცხადა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უმაღლეს თანამდებობებზე ორი მამაკაცი და ორი ქალი წარადგინეს, რითიც ძალიან მოხარულია.

მისივე განმარტებით, ხუთ წლის წინ ამ გადაწყვეტილების მისაღებად სამი თვე დასჭირდათ და მაშინაც, ზოგი ლიდერი შედეგების წინააღმდეგი იყო, ახლა კი, გადაწყვეტილება მხოლოდ სამ დღეში, თან ერთხმად მიიღეს.

დონალდ ტუსკის განცხადებით, მათ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანელი პოლიტიკოსის, ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურა წარადგინეს, ახლა კი, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, თუ გერმანელ პოლიტიკოსს აღნიშნულ თანამდებობაზე საბოლოოდ აირჩევენ, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს პირველად ისტორიაში ქალი დაიკავებს.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბელგიელ პოლიტიკოსის, შარლ მიშელის გამოცდილება იდეალური იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის მიღწევასა და ერთიანობისთვის ბრძოლაში.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ინტერესებს და ღირებულებებს მთელ მსოფლიოში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე საუკეთესოდ დაიცავს.

დონალდ ტუსკის განმარტებით, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ კრისტინ ლაგარდს საერთაშორისო დონის გამოცდილება აქვს და ამ პოსტისთვის იდეალური კანდიდატია.