დონალდ ტუსკი - დონალდ ტრამპი ერთიანი და ძლიერი ევროპის წინააღმდეგ გამოდის
დონალდ ტუსკი - დონალდ ტრამპი ერთიანი და ძლიერი ევროპის წინააღმდეგ გამოდის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ევროპული პოლიტიკა გააკრიტიკა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი „არასათანადო ენთუზიაზმითაა“ განწყობილი ერთიანი ევროპის მიმართ.

ტუსკის თქმით, ტრამპი „ერთიანი და ძლიერი ევროპის წინააღმდეგ გამოდის“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კანადაში გამართული დიდი შვიდიანის სამიტზე. ტუსკის თქმით, სწორედ ტრამპის მოთხოვნით, ამ სამიტის დასკვნით დოკუმენტში ვეღარ მოხვდა წინადადება, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მხარეები პატივისცემით ეკიდებიან დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ წესრიგს.

ტუსკმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან „ფლირტს“ ცდილობენ.

„განცხადებებს, თითქოს ევროპას მომავალი არ აქვს, აკეთებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით, მიესალმებიან ვაშინგტონის ნაბიჯებს იზოლაციონიზმისკენ და ამავე დროს, ვლადიმერ პუტინთან ფლირტს ცდილობენ“,- განაცხადა დონალდ ტუსკმა.