დონალდ ტუსკი - ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა, ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს
დონალდ ტუსკი - ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა, ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს

ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა, ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა

ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ტუსკმა ისაუბრა საფრანგეთის იდეაზე ევროპის დაცვის შესახებ. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პარიზის შეთავაზება სერიოზულად განიხილება, თუმცა ის ასევე იწვევს გარკვეულ ეჭვებს. ტუსკის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ ვის ექნება ასეთ იარაღზე ფაქტობრივი ძალაუფლება.

„თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამის შესახებ, სასურველი იქნებოდა, დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ის ჩვენს ხელში იქნება“, – აღნიშნა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ასევე დაკავშირებულია ხარჯებთან. საფრანგეთის შემთხვევაში დაახლოებით 14 მილიარდი ევრო წელიწადში მხოლოდ არსენალის ტექნიკურ მომსახურებაზე იხარჯება.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინულ მხარესთან კონტაქტშია და განიხილავს, თუ რომელი იარაღი მუშაობს ყველაზე უკეთ ამჟამინდელ პირობებში და რომელ ტექნოლოგიებში ღირს ინვესტირება.

„ჩვენ ვხედავთ, რა მოხდა ახლა უკრაინაში. ის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რადგან დაკარგა თავისი ბირთვული იარაღი. დღეს ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს“,- განაცხადა ტუსკმა.

ამავე დროს ტუსკმა აღნიშნა, რომ გზა ასეთი გადაწყვეტილებისკენ ძალიან შორია და მისი მიღება კონსენსუსით მოუწევთ.

ცნობისთვის, 5 მარტს, სატელევიზიო მიმართვის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგან თავის დასაცავად საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.