დონალდ ტუსკი - ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა, ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება
დონალდ ტუსკი - ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა, ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება

ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომლის წინააღმდეგაც უნგრეთი გამოდის.

„უკრაინით გადაღლილობის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორბანით გადაღლილობა აქ, ბრიუსელში. ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. შეხედეთ ქუჩებს და არა მხოლოდ ბრიუსელში. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობის განმტკიცება უკრაინის გარშემო და რუსეთისა და მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში. კომპრომისის შესაძლებელობაც არ არის ჩვენს პრინციპებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ასევე არ არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა უკრაინის საკითხზე. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ორბანისთვის შეგვიძლია, ესაა სამართლიანი მოპყრობა, ჩვენი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით და მეტი არაფერი.

ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ოპტიმოსტურად განწყობილები, როდესაც საქმე ეხება ჩვენი არგუმენტების ძალას. მე ვფიქრობ, რომ სათადარიგო გეგმა ფაქტობრივად არ არსებობს. ვიქტორ ორბანის გადასასწყვეტია – თუ უნგრეთი არის ჩვენი გაერთიანების ნაწილი, ჩემი წინათგრძნობაა, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს ორბანის დასარწმუნებლად.

ვიქტორ ორბანის დღევანდელი პოზიცია ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. ეს თვალსაჩინოა და ეს პოზიცია მიუღებელია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო შედეგსა და ყველა შესაძლო ზომაზე სამომავალოდ.

თუ ვიქტორ ორბანის მოსაზრება და პოზიცია იქნება დომინანტი ევროპაში, მაშინ უკრაინა წააგებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა აგრესიისგან, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და ეს მისი თამაშების ბრალი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.