დონალდ ტუსკი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავზე გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები და თანამშრომლობა
დონალდ ტუსკი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავზე გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები და თანამშრომლობა

ათი წლისთავზე ევროკავშირში უფრო მეტი სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინაა და მჯერა, რომ თქვენს ქვეყნებშიც უფრო მეტი ევროკავშირია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერების მიღებაზე განაცხადა.

„10 წლის წინ მრავალმა ჩვენგანმა წვლილი შეიტანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნაში, თუმცა
ზოგიერთი ჩვენგან მაშინ სხვა თანამდებობას იკავებდა. ეს გადაწყვეტილება ეფუნებოდა იმის აღიარებას, რომ თქვენს ქვეყნებს გააჩნიათ თავისი განსაკუთრებული და უნიკალური კაბშირები ევროკავშირთან და ამას უნდა ჰქონოდა პოლიტიკური გამოხატულება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თავად იდეისა და სახელწოდების ჩანაფიქრი რადეკ შიკორსკის ხელმძღვანელობით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენს შვედ მეგობრებთან, კერძოდ კი კარლ ბილდტთან მჭიდრო თანამშრომლობით გაჩნდა. ბატონო რადეკ, აქ „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ევროპული ინსტიტუტების ყველა ლიდერის თანდასწრებით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ თქვენ ეს შესანიშნავი იდეა. თქვენი კრეატიულობისა და ძალისხმევის გარეშე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არსებობა შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ჰქონდა წარმატებები, გამოწვევები და ასევე დრამატული მომენტები, როგორიც 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტის დროს მოხდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა უკრაინის ასოცირების შეთანხმებაზე, რაც ტუსკის თქმით, იანუკოვიჩმა მოგვიანებით მწარედ ინანა.

„დღეს, ათი წლის შემდეგ, შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს მიღწევებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრიდან სამს აქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას. მათ ასევე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გააჩნიათ. მილიარდობით ევრო დაიხარჯა საზღვრების მართვაზე, კავშირზე, გარემოს დაცვაზე და ენერგოეფექტურობაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, საკანონმდებლო რჩევებსა და განათლებაზე. პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ახალგაზრდები მონაწილეობენ ერასმუსის საგანმანათლებლო პროგრამაში“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები სხვა მეზობლებზე მეტად დაუახლოვდნენ ევროკავშირს.

„ეს ნიშნავს, რომ ათი წლისთავზე ევროკავშირში უფრო მეტი სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინაა და მე მჯერა, რომ თქვენს ქვეყნებშიც უფრო მეტი ევროკავშირია. ჩვენ არამხოლოდ
მეზობლები, არამედ ერთი ევროპული ოჯახის წევრები ვართ. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასე დაუღალავად მუშაობდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებისთვის. დღეს, როდესაც დაარსებიდან ათი წლისთავი აღვნიშნავთ, მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები და თანამშრომლობა. თუ რა სახის „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიზეიმებთ ათი წლის შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ დღეიდან. მე ვენდობი ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას და წარმოდგენას. ჩვენი სამუშაოს დაწყებიდან ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არა ჩვენი მეგობრობა და მზადყოფნა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც აქამდე გააკეთეთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.