დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ბრექსიტის გადავადების საკითხს დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩები განიხილავდნენ. როგორც დონალდ ტუსკმა განმარტა, ბრექსიტის ვადა „მოქნილია“, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვრამდეც დატოვოს, თუ პარლამენტი ბრექსიტის მანამდე შეთანხმებას საბოლოოდ დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებას 17 ოქტომბერს მიაღწიეს, რის შემდეგაც თემთა პალატამ დოკუმენტს წინასწარ დაუჭირა მხარი, თუმცა მოგვიანებით შეთანხმების დაჩქარებულად განხილვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ბორის ჯონსონმა პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების განხილვა შეაჩერა.

დღეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ასევე უნდა უყაროს კენჭი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივას 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.