დონალდ ტრამპთან დაპირისპირების ფონზე კონგრესში ჯორჯიის შტატის წარმომადგენელმა, მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ იანვარში თანამდებობას დატოვებს
დონალდ ტრამპთან დაპირისპირების ფონზე კონგრესში ჯორჯიის შტატის წარმომადგენელმა, მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ იანვარში თანამდებობას დატოვებს

კონგრესში ჯორჯიის შტატის წარმომადგენელმა, მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ იანვარში თანამდებობას დატოვებს. ეს ნაბიჯი გრინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაპირისპირების ფონზე გადადგა.

გრინმა, რომელიც ტრამპის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, სოციალურ მედიაში ატვირთულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კონგრესს 2026 წლის 5 იანვარს დატოვებს.

გრინისა და ტრამპის საჯარო დაპირისპირება არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებს უკავშირდებოდა. გადადგომის შესახებ განცხადებაში გრინმა ჩამოთვალა თავისი მიღწევები და გააკრიტიკა ტრამპი.

„მე ზედმეტად დიდი თვითშეფასება და ღირსება მაქვს, ზედმეტად მიყვარს ჩემი ოჯახი. არ მსურს, რომ ჩემს მშობლიურ ოლქს მოუწიოს ტრამპისგან, ჩვენი პრეზიდენტისგან, რომლისთვისაც ვიბრძოდით, მტკივნეული და სიძულვილით სავსე პრაიმერიზის ატანა – მხოლოდ იმისთვის, რომ მე არჩევნები მოვიგო, მაშინ როცა რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, დამარცხდებიან შუალედურ არჩევნებში“, – განაცხადა გრინმა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში კანონმდებელმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული პრინციპი – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ უნდა გამორიცხავდეს სხვა სახელმწიფოების გავლენას ვაშინგტონის ადმინისტრაციის კურსზე, რასაც ის ეჭვქვეშ აყენებს.

გრინის თქმით, კორპორაციების და სხვა ქვეყნების ინტერესები „ჯერ კიდევ ძვირფასია ვაშინგტონისთვის“. გრინი ასევე ამტკიცებს, რომ ის აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმების ობიექტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მან წარმომადგენელთა პალატიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, გრინს, შესაძლოა, ჰქონდეს სურვილი, რომ იყაროს კენჭი ჯორჯიის გუბერნატორად ან სენატორად.

გრინი იმ რესპუბლიკელებს შორის აღმოჩნდა, ვინც მხარი დაუჭირა პეტიციას, რომ გამოქვეყნებულიყო აშშ-ის მთავრობის მიერ შენახული ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.

ცნობისთვის, თავდაპირველად ტრამპი ეპშტეინთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო. შემდეგ კი პოზიცია შეცვალა. ბოლო თვეებში მერჯორი ტეილორ გრინი არაერთ ცნობილ სატელევიზიო ეთერში წარდგა და გააკრიტიკა როგორც ტრამპი, ასევე რესპუბლიკელები. იგი უკმაყოფილო იყო, რომ პრეზიდენტი ვერ ახერხებდა ხარჯების შემცირებას ამომრჩევლებისთვის და აკრიტიკებდა მის საბაჟო ტარიფებს. ტრამპმა მას სოციალური ქსელში უპასუხა და გრინი „მოღალატედ“ და „შეშლილად“ მოიხსენია. მან თქვა, რომ გრინი უნდა გადააყენონ. კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, ეპშტეინის ფაილები გამოაქვეყნოს, ამ კვირაში კონგრესმა დაამტკიცა და ტრამპმა მას ხელი მიმდინარე კვირაში მოაწერა.