დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

09:35, 05.07.2026

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს.

მისივე თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მემკვიდრეობა განიხილეს.

უშაკოვის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება იყო.

„პრეზიდენტებმა, ბუნებრივია, უკრაინის დარეგულირების საკითხიც განიხილეს, მათ შორის დონალდ ტრამპის 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის კონტექსტში“, – განაცხადა უშაკოვმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას.

„ამერიკის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტას და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების მოძიებას“, – აღნიშნა უშაკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აუცილებელია რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვანი განვითარებისათვის. უშაკოვის განცხადებით, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სფეროებში“, – განაცხადა უშაკოვმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კოლოსალური პერსპექტივები იკვეთება.

„ამისთვის, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აუცილებელია უკრაინული კონფლიქტის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

საუბრის ბოლოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტს შეინარჩუნებენ.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კავშირს შეინარჩუნებენ და უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ“, – განაცხადა უშაკოვმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ისტორიულ მემკვიდრეობაზეც ისაუბრეს და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულ მოკავშირეობას გაუსვეს ხაზი.

„პრეზიდენტებმა აღნიშნეს იმ საერთო ისტორიული ფურცლების გაფრთხილების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ. განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი ხალხები არასოდეს დაივიწყებენ მეორე მსოფლიო ომის წლებში არსებულ მოკავშირეობას“, – აღნიშნა უშაკოვმა.

მსგავსი