აშშ-ის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს. მისი თქმით, პატივი იყო ნარენდა მოდისთან დილით გამართული სატელეფონო საუბარი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი, ასევე, ძლიერი და პატივსაცემი ლიდერია.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ისინი სავაჭრო შეთანხმებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს აშშ 25-დან 18%-მდე დაწევს.
„ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ვაჭრობაზე და რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა და ბევრად მეტი შეიძინოს შეერთებული შტატებისგან, პოტენციურად, ვენესუელისგან. ეს დაგვეხმარება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაში, სადაც ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი იღუპება. პრემიერ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად და მისი თხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები დააწესებს შემცირებულ ორმხრივ ტარიფს და მას 25%-დან 18%-მდე დაწევს. ისინი, თავის მხრივ, გადადგამენ ნაბიჯებს შტატების წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეერთებული შტატების ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გამოყო 500 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკის ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ნახშირისა და მრავალი სხვა პროდუქტის შესაძენად.
„ჩვენი საოცარი ურთიერთობა ინდოეთთან მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერი მოდი და მე ვართ ის ორი ადამიანი, ვინც საქმეს აკეთებენ, რასაც უმეტესობაზე ვერ იტყვი“, – წერს ტრამპი.