დონალდ ტრამპს სურს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით სენატორ ლინდსი გრემის წარდგენილი კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ ტარიფებსაც მოიცავდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, სენატორ ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით დაემატოს შესაძლებლობა, ირანსაც დაუწესდეს ტარიფები.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონპროექტი მოიცავს ტარიფებს რუსეთის მიმართ, მაგრამ არ ითვალისწინებს ტარიფებს იმ ხუთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებულები.
„მინდა, ირანსაც დაუწესდეს ტარიფები. ეს გაცილებით უფრო მყარს გახდიდა კანონპროექტს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შესახებ.
შეხვედრა ტრამპმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის კარგად საუბრობს როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ისე ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„მინდა, მან ომი დაასრულოს. ასე რომ, ეს ძალიან მარტივია. მე ორივესთანაც კარგად ვურთიერთობ. მე მას ვუთხარი, რომ მინდოდა ომის დასრულება. ათასობით ადამიანი, 25 000 ადამიანი დაიღუპა გასულ თვეს. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.