დონალდ ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პოლ მარტინს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების შესახებ ელექტრონული ფოსტით აცნობეს.
„ენბისი ნიუსის“ ცნობით, ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლ მარტინის ოფისმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოში მკვეთრი შემცირების უარყოფითი შედეგები. მედიის ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალის ნაკლებობასთან, მათ შორის ზედამხედველობის არარსებობის შესახებ.
როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, დოკუმენტში ასევე აღწერილია გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გადაწყვეტილებასთან დახმარების შეჩერების საკითხზე, რის შედეგადაც, „489 მილიონ დოლარზე მეტი საკვების დახმარება პორტებში, ტრანზიტსა და საწყობებში დაზიანების და გადამისამართების საფრთხის წინაშეა“.