დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას გაუჩინარებული ჟურნალისტის შესახებ განმარტებები მოსთხოვა
დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას გაუჩინარებული ჟურნალისტის შესახებ განმარტებები მოსთხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას გაუჩინარებული ჟურნალისტის შესახებ განმარტებები მოსთხოვა.

აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯამალ ხაშოგის საქმეზე საუდის არაბეთის ხელისუფლების წევრებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, არაბი ჟურნალისტი 2 ოქტომბერს, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ის თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა. თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეპორტიორი მოკლეს. ერ-რიადი ამ ინფორმაციას უარყოფს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯამალ ხაშოგის თაობაზე საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესაუბრა.

თურქეთის მთავრობამ 10 ოქტომბერს გაავრცელა ფარული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ჩადიან სტამბოლში საუდის არაბეთის დაზვერვის ოფიცრები. ანკარაში ამბობენ, რომ მათი თურქეთში ჩასვლა ხაშოგის გაუჩინარების საქმეს უკავშირდება.
თურქეთის ხელისუფლებამ საუდის არაბეთის მთავრობას საკონსულოში ჩხრეკის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რასაც ერ-რიადი დათანხმდა.

ჯამალ ხაშოგი ხშირად წერს „ვაშინგტონ პოსტისთვის“. ის მკაცრად აკრიტიკებს საუდის არაბეთის მთავრობას.