დონალდ ტრამპმა რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა - თუ ვერ შევთანხმდებით, სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ სანქციები დავუწესო ყველაფერს, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.
„მე არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში რუსეთი დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. სიტუაცია მხოლოდ უფრო გაუარესდება. მოდი, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის დროს არასდროს დაიწყებოდა! ეს შესაძლებელია როგორც მარტივი, ისე რთული გზით, თუმცა მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა, გავაფორმოთ „შეთანხმება“. აღარ უნდა დაიღუპოს მეტი სიცოცხლე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, პუტინი თუ ამას არ დათანხმდება, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს დაუწესებს.
„ჩვენ თუ ვერ შევთანხმდებით, მე სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები დავაწესო ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს“, – დასძინა ტრამპმა.