დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა
დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ვიზიტის გაუქმების მიზეზად ტრამპმა ქარიშხალ „დორიანის“ გაძლიერება დაასახელა, რომელიც ფლორიდას უქმნის საფრთხეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვარშავაში მის ნაცვლად ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი გაემგზავრება.

ტრამპის განცხადებით, ის დარჩება ვაშინგტონში, რათა უზრუნველყოს, რომ ფედერალური მთავრობის ყველა რესურსი მიმართულია მოახლოებული შტორმის წინააღმდეგ ზომებზე. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას დაურეკა და ვიზიტის გაუქმების შესახებ აცნობა.

„როგორც ჩანს, ეს შტორმი მართლაც ძალიან, ძალიან ძლიერი იქნება. მაიკი გაემგზავრება“, -აღნიშნა ტრამპმა.

როგორც მოსალოდნელია, ქარიშხალი „დორიანი“ ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროს ორშაბათისთვის მიაღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერ წვიმასთან ერთად ქარის სიჩქარე საათში 210 კილომეტრს მიაღწევს.

პირველ სექტემბერს ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებებია დაგეგმილი. პოლონეთში დედაქალაქში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაც იგეგმებოდა.