დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გააქტიურების განკარგულება გასცა
დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გააქტიურების განკარგულება გასცა

დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გააქტიურების განკარგულება გასცა. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება. სწორედ ამ სამ შტატშია ყველაზე მეტად გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსი.

თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გვარდიას შტატების გუბერნატორებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო უხელმძღვანელებს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აღნიშნულ შტატებს დაეხმარება, გამოიყენონ გვარდიის რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე არსებობს ვირუსის ახალი ტესტი, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში დასვამს დიაგნოზს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ნებისმიერი სიმპტომიანი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის 32 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი.