დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესება დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესება დააანონსა.
ტრამპის თქმით, კანადის მიმართ პრეტენზია ტყის ხანძრების კვამლთან არის დაკავშირებული, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზეც ვრცელდება. მექსიკასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო დროს გავრცელებულ საკვებით მოწამვლის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, მექსიკიდან აშშ-ში შესული პროდუქციითაა გამოწვეული.
„ვფიქრობ, დიდ ტარიფს დავაწესებთ მექსიკაზე სალათის ფურცლების გამო და დიდ ტარიფს დავაწესებთ კანადაზეც კვამლის გამო. რომელს აირჩევდით, სალათს თუ კვამლს? მე კვამლს ავირჩევდი. კანადას ვუთხარი, რომ ამაზე რაღაც უნდა მოიმოქმედონ. ჩვენ არასდროს გვქონია ეს პრობლემა. კანადასთან ეს პრობლემა გაგვიჩნდა, ასე რომ, ამაზე მათთან საუბარი მოგვიწევს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა ვენესუელაზეც ისაუბრა. ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, არსებობს თუ არა ვენესუელაში არჩევნების ჩატარების გეგმა.
„ისინი ჯერ არ არიან მზად არჩევნებისთვის, მაგრამ დიდი პროგრესია მიღწეული. ვენესუელადან გამომავალი ნავთობის რაოდენობა ახლა უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ქვეყანა უკვე მკვდარი იყო, ვიდრე ჩვენ არ მივედით. ახლა ვენესუელა უკიდურესად წარმატებული ხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ონტარიოში მძვინვარე ხანძარმა 735,000 ჰექტარს მიაღწია. რაც შეეხება მექსიკურ სალათის ფურცლებს, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, დევიდ კერშენობიჩის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ მექსიკიდან შემოსულმა სალათის ფურცლებმა გამოიწვია აშშ-ში პარაზიტით გამოწვეული დაავადების გავრცელება. დაავადებამ, რომელიც კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემებს იწვევს, ინდიანაში, კენტუკიში, მიჩიგანში, ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიაში გავრცელდა – ყველა შემთხვევა დაკავშირებულია Taco Bell-ის რესტორნებში მიწოდებულ სალათის ფურცლებთან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.