„როიტერი“ – დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ 7 ივლისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდა 

12:09, 14.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ 7 ივლისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში ამ სამხედრო ოპერაციის განხორციელების ბრძანება გავეცი, რათა ამერიკის მოქალაქეები და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესები დამეცვა“, – ნათქვამია ტრამპის წერილში.

როგორც გამოცემა წერს, წერილში ტრამპი მიმოიხილავს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, „მათ შორის, 7 აპრილს გამოცხადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ასევე თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევას, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოეგვარებინა“.

ტრამპი ასევე ახსენებს 17 ივნისს ირანთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ტრამპის თქმით, თეირანმა შეთანხმება დაარღვია, როდესაც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებს შეუტია, რის შემდეგაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განახლების ბრძანება გასცა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ომის გამოცხადების უფლებამოსილება აქვს კონგრესს და არა – პრეზიდენტს. ამასთან, „როიტერი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის სხვადასხვა პრეზიდენტს დიდი ხნის განმავლობაში სურდა, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოკლევადიანი სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე ბრძანების გაცემა კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე შეძლებოდათ.

მსგავსი