დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 15 ქვეყნისთვის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 15 ქვეყნისთვის, 9 ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ტარიფების დაწესების მიუხედავად, ამერიკა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველი აგვისტოს ვადა არის „მყარი, თუმცა არა 100%-ით მყარი“ და თუ ქვეყნები შეთავაზებენ სხვა გზას, „ამისთვის ღია“ იქნება.
დონალდ ტრამპმა უკვე გაუგზავნა სპეციალური წერილი რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, მათ შორის არიან იაპონიის პრემიერ-მინისტრი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. ორივე ქვეყანა, ყაზახეთთან, მალაიზიასა და ტუნისთან ერთად, პირველი აგვისტოდან 25%-იან ტარიფს დაექვემდებარება.
სამხრეთ აფრიკასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებით 30-პროცენტიანი ტარიფები იმოქმედებს, ინდონეზიისთვის – 32-პროცენტიანი, ბანგლადეშისა და სერბეთისთვის – 35-პროცენტიანი, ტაილანდისა და კამბოჯასთვის – 36-პროცენტიანი, ხოლო ლაოსისა და მიანმარისთვის 40-პროცენტიანი ტარიფები ამოქმედდება.
გაგზავნილ წერილებში ტრამპი საუბრობს სავაჭრო დეფიციტის პრობლემის შესახებ.
ტრამპი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თავიანთ ტარიფებს თუ გაზრდიან, ამერიკაც შესაბამისად მოიქცევა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ზოგიერთთან კი ახლოს არის ამასთან. კონკრეტულად, დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმებები მიღწეულია ინგლისთან, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.