დონალდ ტრამპმა კანადა ამერიკელი ფერმერებისა და კომპანიებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვაში დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტმა კანადა ამერიკელი ფერმერებისა და კომპანიებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვაში დაადანაშაულა.
დონალდ ტრამპის თქმით, კანადა ამერიკული ბიზნესებისთვის თანაბარ პირობებს თუ არ უზრუნველყოფს, კანადურ კომპანიებს აშშ-ის სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოთ.
„ყველამ იცის, რომ კანადა ჩვენს დიდებულ რძის მწარმოებელ ფერმერებს კანადის ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის საშუალებას არ აძლევს და რომ კანადა ავტომობილებს მხოლოდ იმიტომ აწარმოებს, რომ წინა პრეზიდენტების დროს გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებები კატასტროფული იყო.
კანადა წლების განმავლობაში გვატყუებდა და გვაზარალებდა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ კანადის მთავრობამ, მათ შორის კანადის პროვინციებმა, ამერიკულ მცირე ბიზნესებსა და კომპანიებს კანადის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა აუკრძალა. ეს მაშინ, როდესაც კანადურ კომპანიებს ფართო წვდომა აქვთ აშშ-ის უზარმაზარ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე, მათ შორის ჩვენი შტატების სახელმწიფო შესყიდვებზეც. ეს თანაბარი პირობები არ არის – ეს კანადის სავაჭრო თაღლითობაა.
ამიერიდან, თუ თანაბარი პირობები არ იქნება, წვდომაც არ იქნება! ამასთან დაკავშირებით, ვავალებ სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციას (GSA-ს), აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან (USTR) თანამშრომლობით გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა GSA-ს მრავალწლიანი კონტრაქტების სისტემიდან ამოიღოს კანადური წარმოშობის პროდუქცია, თუ კანადა არ აღადგენს სრულ და სამართლიან თანაბარ პირობებს ამერიკელი ფერმერებისა და კომპანიებისთვის.
ეს კონტრაქტები წელიწადში 50 მილიარდ დოლარზე მეტ ღირებულებას მოიცავს.
ეს შეზღუდვა წლების წინ უნდა დაწესებულიყო სხვა ადმინისტრაციების დროსაც, როგორც ეს ჩემი ადმინისტრაციის დროს მოხდა, თუმცა შემდეგ ის „მძინარა“ ჯო ბაიდენმა კვლავ აღადგინა“, – წერს ტრამპი.