დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს მიმართა - ამ ქვეყნის ხალხს კანონი და წესრიგი სურს, შენ სიტყვა „პოლიციის“ წარმოთქმაც კი არ შეგიძლია
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს მიმართა - ამ ქვეყნის ხალხს კანონი და წესრიგი სურს, შენ სიტყვა „პოლიციის“ წარმოთქმაც კი არ შეგიძლია

აშშ-ის საპრეზიდენტო დებატებისას რესპუბლიკელმა, დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტია ყოველთვის იბრძოდა თანასწორობისა და სამართლიანობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბოლომდე ვერ მიაღწია.

„ჩვენ ყოველთვის ამ იდეის ერთგულები ვიყავით ტრამპისგან განსხვავებით, რომელმაც ეს იდეა მიატოვა. მართალია, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჩავერთე ბრძოლაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპი ქვეყანაში რასიზმის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.

ტრამპმა საპასუხოდ ბაიდენის 1994 წლის გამოსვლა გაიხსენა, სადაც მისი თქმით, ბაიდენმა, აფრო-ამერიკელებს სუპერ მტაცებლები უწოდა.

„შენ მათ მტაცებლები უწოდე და ეს მათ არ დავიწყებიათ. შენ აფრო-ამერიკელებს ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდად ექცეოდი, მე კი მათ ციხეებიდან ვათავისუფლებ“, – განაცხადა ტრამპმა ოპონენტის მისამართით.

ტრამპმა ბაიდენს ასევე სამართალდამცველების საკითხზე მისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა და განაცხადა, რომ დემოკრატ კანდიდატს სიტყვა „პოლიციის“ წარმოთქმაც კი არ შეუძლია.

„პორტლენდს რომ დაერეკა, იმ ცეცხლს ნახევარ საათში ჩავაქრობდით, თუმცა არ გვირეკავენ, რადგან პორტლენდს დემოკრატი გუბერნატორები მართავენ. ტოპ 40 უდიდეს ქალაქს დემოკრატი, ხშირ შემთხვევაში რადიკალი მემარცხენე გუბერნატორი ჰყავს და ისინი შენ სრულიად გაკონტროლებენ იმ დონეზე, რომ შენ საერთოდ არ გინდა კანონისა და წესრიგის ხსენება. ამ ქვეყნის ხალხს კანონი და წესრიგი უნდა და შენ ამის თქმისაც კი გეშინია“, – განაცხადა ტრამპმა.

ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში განათლებისა და სამართლის სფეროებში სისტემური რასიზმია.

„პოლიციელების დიდი ნაწილი ღირსეული ქალები და კაცები არიან. ისინი ყოველდღე საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ჩვენი სიცოცხლე დაიცვან, თუმცა არის გამონაკლისები და ამას გადაწყვეტა სჭირდება. მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ თავიანთი ქმედებების გამოც“, – განაცხადა დემოკრატმა კანდიდატმა.

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორი რეაგირება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია და არა ძალადობა.