ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ორპირი უწოდა.
რამდენიმე საათის წინ მედიით გავრცელდა ვიდეო, სადაც კანადის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დონალდ ტრამპზე ხუმრობენ. ვიდეომასალაში კანადის პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს, ვისზე ხუმრობს, თუმცა ამბობს, რომ მაკრონს ბუკინგემის სასახლეში მისვლა იმიტომ დააგვიანდა, რომ დონალდ ტრამპთან ერთად 40-წუთიანი პრესკონფერენცია ჰქონდა.
„მისი გუნდის წევრებს ყბა ჩამოუვარდათ“, – ამბობს ჯასტინ ტრიუდო ვიდეოში.
მოგვიანებით ჟურნალისტებმა ამ ვიდეოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ტრიუდო ორპირია.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ტრიუდო კარგი ბიჭია, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ მოსწონს, რომ მივუთითე იმ ფაქტზე, რომ ის თავდაცვის ხარჯების ორ პროცენტს ნატო-ს არ უხდის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.