დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციები ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ჰამენეისაც შეეხება.

ტრამპის განცხადებით, ახალი სანქციების მიხედვით, ირანის სულიერ ლიდერს ფინანსურ რესურსებზე წვდომას შეუზღუდავენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ირანზე ზეწოლას“, – განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

სანქციების დაწესების მიზეზი ამჯერად უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება გახდა. რამდენიმე დღის წინ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ირანის არმიაში განაცხადეს, რომ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია და სამხრეთ სანაპირო ჰორმუზგანის პროვინციაში შევიდა. აღნიშნული ტერიტორია ორმუზის სრუტის მახლობლად მდებარეობს.