დონალდ ტრამპმა გაერო-ს ტრიბუნიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მადლობა გადაუხადა
დონალდ ტრამპმა გაერო-ს ტრიბუნიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მადლობა გადაუხადა

დონალდ ტრამპმა გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა.

როგორც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, კიმ ჩენ ინმა გადადგა ნაბიჯები დენუკლეარიზაციისკენ, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო. თუმცა, დონალდ ტრამპის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალაში დარჩება კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებამდე.

„ივნისში მე გავემგზავრე სინგაპურში, რათა პირისპირ შევხვედროდი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.  გვქონდა ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები და შეხვედრები. შევთანხმდით, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ იმედისმომცემი ზომები, რომლებსაც მცირე ხნის წინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. რაკეტები აღარ დაფრინავენ ყველა მიმართულებით, ბირთვული ცდები შეჩერდა, ზოგი სამხედრო ობიექტის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია, ჩვენი მძევლები გათავისუფლდნენ და დაპირებისამებრ, ჩვენი გარდაცვლილი გმირების ნეშტი სამშობლოში დაბრუნდა, რათა განისვენონ ამერიკის მიწაზე. მინდა მადლობა გადავუხადო თავმჯდომარე კიმს გამბედაობისთვის და მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. სანქციები დარჩება ძალაში სრულ დენუკლეარიზაციამდე“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა  რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ჩინეთის ლიდერებს.