დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ
დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ

დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განკარგულება 4 ივნისს გასცა და მის საფუძვლად „ეროვნული უსაფრთხოების“ მიზეზები დაასახელა. მისი თქმით, ამ სასწავლებელში უცხოელი სტუდენტების შემდგომი მიღება „ზიანს აყენებს“ აშშ-ის ინტერესებს.

ჰარვარდმა ტრამპის გადაწყვეტილებას „შურისძიება“ უწოდა და აღნიშნა, რომ გააგრძელებს თავისი საერთაშორისო სტუდენტების დაცვას.

ტრამპმა აღნიშნული განკარგულება მას შემდეგ გამოსცა, რაც გასულ კვირას სასამართლომ შეაჩერა საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომელიც ჰარვარდში საერთაშორისო სტუდენტების მიღებას კრძალავდა.

ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტი „სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სამოქალაქო უფლებების უგულებელყოფაში“ დაადანაშაულა.

„ამ ფაქტების გათვალისწინებით, მე დავადგინე, რომ აუცილებელია შეიზღუდოს იმ უცხოელი მოქალაქეების შემოსვლა, რომლებიც აშშ-ში შემოსვლას აპირებენ მხოლოდ ან ძირითადად ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის მიზნით“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განკარგულება ასევე ავალებს სახელმწიფო მდივანს, განიხილოს უნივერსიტეტში ამჟამად არსებული უცხოელი სტუდენტების ვიზების გაუქმება.

2024-2025 სასწავლო წელს ჰარვარდში დაახლოებით შვიდი ათასი უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, რაც სასწავლებლის სტუდენტების 27%-ს შეადგენს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჰარვარდმა ვერ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს „უცხოელი სტუდენტების უკანონო ან საშიში საქმიანობის“ შესახებ.

ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს და რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების გატარებაში ადანაშაულებს.