დონალდ ტრამპმა „ენბისის“ ჟურნალისტს არაკეთილსინდისიერი უწოდა და ინტერვიუ ნაადრევად დაასრულა
დონალდ ტრამპმა „ენბისის“ ჟურნალისტს არაკეთილსინდისიერი უწოდა და ინტერვიუ ნაადრევად დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტი „ენბისი ნიუსის“ ჟურნალისტს დაუპირისპირდა და ინტერვიუ ნაადრევად დაასრულა.

დაძაბული საუბრის დროს ტრამპმა კვლავ გაიმეორა თავისი ბრალდება, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კალიფორნიაში არჩევნების შედეგების დათვლის ხანგრძლივი პროცესი შესაძლო დარღვევებზე მიუთითებს.

„2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო. ეს ბინძური არჩევნები იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს შეახსენა, რომ აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯაროდ არ წარუდგენია. საპასუხოდ, ტრამპმა კალიფორნიაში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კენჭისყრიდან რამდენიმე დღის შემდეგაც ბიულეტენების დათვლა გრძელდებოდა. საუბრის განმავლობაში წამყვანი რამდენჯერმე ითხოვდა მტკიცებულებების წარდგენას.

„ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ არჩევნები ჩატარდეს და ხუთი დღის შემდეგაც გამარჯვებული არ იყოს ცნობილი?“ – ჰკითხა ტრამპმა ჟურნალისტს.

დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც პრეზიდენტმა ჟურნალისტსა და ამერიკულ მედიას მიკერძოებულობაში დასდო ბრალი.

„არაკეთილსინდისიერი ან სულელი ხარ. შენ არაკეთილსინდისიერი ხარ, Meet the Press-ი არაკეთილსინდისიერია, ისევე როგორც ABC, CBS-ი და CNN-ი“, – მიმართა ტრამპმა კრისტენ უელკერს.

საბოლოოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინტერვიუსთვის უკვე საკმარისი დრო ჰქონდა დათმობილი და საუბრის დასრულება მოითხოვა. ინტერვიუ სწორედ იმ დროს შეწყდა, როდესაც უელკერი მას სთხოვდა, კიდევ რამდენიმე წუთით დარჩენილიყო ეთერში.