დონალდ ტრამპმა დიდი შვიდიანის შემდეგ სამიტზე პუტინის დაპატიჟება არ გამორიცხა
დონალდ ტრამპმა დიდი შვიდიანის შემდეგ სამიტზე პუტინის დაპატიჟება არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი შვიდიანის შემდეგ სამიტზე პუტინის დაპატიჟება არ გამორიცხა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ამ საკითხზე მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შეგახსნებთ, რომ თეთრი სახლის ლიდერი მანამდეც გამოვიდა დიდი შვიდიანის ფორმატის გაფართოების ინიციატივით. თუმცა გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ეს იდეა უარყვეს. მათი თქმით, რუსეთის დიდი რვიანიდან გარიცხვის მიზეზები ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო, რაც ამ დრომდე არ მოგვარებულა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის დიდ რვიანში წინაპირობების გარეშე დაბრუნება სისუსტის დემონსტრირება იქნება.

კრემლში განაცხადეს, რომ თუ დიდი რვიანის სამიტზე მიწვევას მიიღებენ, ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ და შეისწავლიან.