დონალდ ტრამპმა დაგმო საკუთარ სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეო, რომელშიც ბარაკ და მიშელ ობამები მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაგმო საკუთარ სოციალურ ქსელში გაზიარებული ვიდეო, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობამა მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახული.
„მე ვიდეოს მხოლოდ პირველ ნაწილს გადავხედე. საქმე ეხებოდა საარჩევნო თაღლითობას ჯორჯიაში. მთლიანად არ მინახავს. მგონი, ბოლოს იყო რაღაც სურათი, რომელიც ხალხს არ მოსწონს. მეც არ მომეწონებოდა, თუმცა ის არ მინახავს. მხოლოდ პირველ ნაწილს გადავხედე და ის კარგი იყო. შემდეგ ჩემს ხალხს გადავეცი. ჩვეულებრივ ისინი მთლიანად უყურებენ ხოლმე, მაგრამ ვიღაცამ არ შეხედა და გამოაქვეყნეს. როგორც კი გავიგეთ, წავშალეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტების კითხვას, გმობს თუ არა ვიდეოს შინაარსს, დონალდ ტრამპმა დადებითად უპასუხა, თუმცა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.
„შეცდომა არ დამიშვია. მე ბევრ რამეს ვუყურებ, ათასობით რამეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც „როიტერი“ წერს, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გაზიარებული იყო ერთწუთიანი ვიდეო, რომელშიც საუბარი იყო, რომ 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაყალბების შედეგად დამარცხდა. ვიდეოს დასასრულს თან ერთვოდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მოკლე კლიპი, სადაც დემოკრატი ლიდერები ცხოველების სახით იყვნენ გამოსახულები.
როგორც „სიენენი“ წერს, ვიდეო დაახლოებით 12 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის გვერდზე. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვიდეო თანამშრომელმა შეცდომით განათავსა სოციალურ ქსელში.