დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გავლენა მოახდინა ფიფა-ზე, აშშ-ის მოთამაშის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ გავლენა მოახდინა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციაზე (FIFA), რათა აშშ-ის მოთამაშის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
„მე ვარ ის, ვინც მათ ამის გაკეთება აიძულა“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ფიფა-მ ბრწყინვალე გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სპორტსემენისთვის დისკვალიფიკაცია დაუმსახურებელი სასჯელი იყო.
„მე სპორტის მოყვარული ადამიანი ვარ, კარგი სპორტსმენი ვიყავი და სპორტი ძალიან, ძალიან კარგად მესმის. ეს არ იყო ჯარიმა. ორი ბიჭი სრული სიჩქარით მირბოდა და შემთხვევით ერთმანეთს შეეჯახნენ. ეს ორი შესანიშნავი სპორტსმენი ერთმანეთში აიხლართა“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას აშშ-ის მოთამაშის დისკვალიფიკაციის გადახედვა სთხოვა. მათივე ინფორმაციით, მატჩის შემდეგ დონალდ ტრამპმა ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს დაურეკა და სთხოვა, ფოლარინ ბალოგუნისთვის მიცემული წითელი ბარათის შესახებ გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა, რასაც ინფანტინო დათანხმდა. ფიფა-ს გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში ასოციაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ „საშინელი უსამართლობა“ გამოასწორეს. აღნიშნულმა შემთხვევამ მსოფლიო ჩემპიონატზე სკანდალი გამოიწვია და აზრები გაიყო იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად მოიქცა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია. ბალოგუნმა წითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ მატჩში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაშისას მიიღო, რა დროსაც და მოედნიდან გააძევეს.