დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ელბაზე ამერიკული და საბჭოთა ძალების შეხვედრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მდინარე ელბაზე ამერიკული და საბჭოთა ძალების შეხვედრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
„2020 წლის 25 აპრილს აღინიშნება 75 წელი ამერიკული და საბჭოთა ძალების ისტორიული შეხვედრიდან, რომელთაც ხელი ჩამოართვეს მდინარე ელბაზე, დაზიანებულ ხიდზე. ეს მოვლენა გახდა ნაცისტური რეჟიმის დამარცხების საწინდარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეხვედრა იმ მრავალი ქვეყნისა და ერის კოლოსალური ძალისხმევის კულმინაცია იყო, რომლებიც გაერო-ს 1942 წლის დეკლარაციის ფარგლებში გაერთიანდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთობლივ ბრძოლას მილიონობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ელბის სულისკვეთება იმის მაგალითია, რომ ჩვენ ქვეყნებს შეუძლიათ, გვერდით გადადონ აზრთა სხვადასხვაობა, დაამყარონ ნდობა და ითანამშრომლონ საერთო მიზნის სახელით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.