დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტებს „ხალხის მტრები“ უწოდა
დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტებს „ხალხის მტრები“ უწოდა

დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტებს „ხალხის მტრები“ უწოდა. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა შუალედური არჩევნებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ტრამპმა  CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას უთხრა, რომ ის “უხეში და საშინელი ადამიანია”.

ტრამპის გაღიზიანება რეპორტიორის კითხვამ გამოიწვია, რომელიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფს ეხებოდა. წინასაარჩევნო მარათონის დროს ტრამპმა მიგრანტების ე.წ. ქარავანს აშშ-ში “შეჭრის მცდელობა” უწოდა.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ მოიქცა ტრამპი ამგვარად, პრეზიდენტის უხეში პასუხი მოჰყვა.

“მომეცით უფლება, ვმართო ეს ქვეყანა. თქვენ CNN-ს ცუდად ხელმძღვანელობთ, ასე რომ არ იყოს, უკეთესი რეიტინგი გექნებოდათ”, – თქვა ტრამპმა.

ამის შემდეგ რეპორტიორმა სცადა კითხვა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დაესვა, თუმცა ტრამპის მოთხოვნით, აკოსტას მიკროფონი ჩამოართვეს.

CNN-ის კორესპონდენტი დარბაზიდან შეეცადა შეეხსენებინა ტრამპისთვის, რომ CNN-მა და პრეზიდენტის სხვა ოპონენტებმა ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღეს.

“გეყოფათ! საკმარისია! დაჯექით! როცა თქვენ ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ და CNN-ი ამას ხშირად აკეთებს, თქვენ ხალხის მტრებივით იქცევით”, – განაცხადა ტრამპმა.

პრესკონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის აკრედიტაცია გაუუქმეს.

დატოვე კომენტარი