დონალდ ტრამპმა ამერიკის კინოაკადემია სამხრეთ კორეული ფილმის დაჯილდოების გამო გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა ამერიკის კინოაკადემია სამხრეთ კორეული ფილმის დაჯილდოების გამო გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, რომელმაც საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულ ფილმს, „პარაზიტს“ მიანიჭა. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ აქციაზე განაცხადა.

„როგორი ცუდი იყო აკადემიის დაჯილდოება წელს და „ოსკარი“ გადაეცა სამხრეთ კორეულ ფილმს. რა ჯოჯოხეთია? საკმარისი პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან ვაჭრობის კუთხით და ამ ყველაფრის შემდეგ მათ წლის საუკეთესო ფილმის ტიტული მიანიჭეს?“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ფიქრობდა, რომ „პარაზიტი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოს აიღებდა.

„მაგრამ არა, ის საუკეთესო ფილმად დასახელდა. ასეთი რამ მანამდე მომხდარა? შეიძლება ისეთი ფილმების დაბრუნება, როგორიც მაგალითად „ქარწაღებულნი“ არის?“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“ (Parasite) გახდა. ეს პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა.