დონალდ ტრამპის თქმით, მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს
დონალდ ტრამპის თქმით, მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე სამიტისთვის მხარეები ოთხ შესაძლო მდებარეობას განიხილავენ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ მეორე სამიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში შედგება.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჩრდილოეთ კორეაში საკმაოდ ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. ის კიმ ჩენ ინს შეხვდა და სამიტის შესახებ გაესაუბრა. ამ დროს მხარეებმა შემდეგი ისტორიული სამიტის ადგილად სამი-ოთხი შესაძლო მდებარეობა განიხილეს. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის იზოლირებულმა ქვეყანამ ბოლო რამდენიმე თვეში „დაუჯერებელი“ პროგრესი განიცადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში შედგა. სამიტზე მხარეები კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.