დონალდ ტრამპის საქმის ყოფილ სპეცპროკურორს, ჯეკ სმიტს კანონისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპის საქმის ყოფილ სპეცპროკურორს, ჯეკ სმიტს კანონისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ

ტრამპის საქმის ყოფილ სპეცპროკურორს კანონისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუაბარა ჯეკ სმიტზე, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

„როიტერის“ ცნობით, ყოფილი სპეცპროკურორის საქმიანობას ამჟამად ის ფედერალური სააგენტო იკვლევს, რომელიც სახელმწიფო მოხელეთა ქცევას აკონტროლებს. სმიტის მიმართ გამოძიება რესპუბლიკელი სენატორის, ტომ კოტონის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ყოფილ სპეცპროკურორს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე ზეგავლანის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.

აშშ-ის განსაკუთრებულ საქმეთა სააგენტოში ადასტურებენ, რომ სმიტს „ჰეჩის აქტის“ დარღვევაში სდებენ ბრალს. ეს კანონი ფედერალურ მოხელეებს უკრძალავს თანამდებობის პოლიტიკური საქმიანობისთვის გამოყენებას.

ამასთან, აშშ-ის განსაკუთრებულ საქმეთა სააგენტოს, კანონით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნია.

სპეცპროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებას ორ საქმეზე აწარმოებდა. ესენია: გრიფით საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვა და 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა, რასაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმი მოჰყვა. ეს საქმეები სასამართლომდე არ მივიდა და მრავალრიცხოვანი აპელაციებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა.

დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯეკ სმიტმა ოფიციალურად შეწყვიტა გამოძიება და ამის საფუძვლად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკა დაასახელა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტების დევნას არ ახორციელებს, თუმცა მან გამოაქვეყნა ანგარიში და განაცხადა, რომ მის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისი იქნებოდა ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წარსადგენად.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა ჯეს სმიტს „სახელმწიფო მოხელის ნიღაბს ამოფარებული პოლიტიკური აქტორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის განზრახ ერეოდა საარჩევნო პროცესებში.

თავად ჯეკ სმიტს მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოკვლევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.