დონალდ ტრამპის პასუხი „სიენენის“ ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები – „თქვენ არაფერი გესმით, სულელი ხართ და „სიენენში“ მუშაობთ, გარიგებასთან ახლოს როცა ხარ, სანქციებს არ აწესებ“

01:57, 22.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „სიენენის“ ჟურნალისტს სულელი უწოდა.

ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა, უპასუხა, რომ მას არაფერი ესმის.

„თქვენ არაფერი გესმით. სულელი ხართ. დაბალი IQ-ს მქონე ადამიანი ხართ. სულელი ხართ და „სიენენში“  მუშაობთ“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთზე სანქციების დაწესება მოლაპარაკებებს შეაფერხებდა და ამერიკის მოქალაქეს, რომელმაც რუსეთის საპატიმრო დატოვა, გათავისუფლების შანსი არ ექნებოდა.

„ამას თუ არ გავაკეთებდი, ჰაბარდი ახლა სახლში ვერ დაბრუნდებოდა. თქვენ არაფერი გესმით, თქვენ ყალბი ახალი ამბები ხართ, „სიენენი“. ახლა კაცი რუსეთიდან შეერთებული შტატებისკენ მოფრინავს, რადგან მე პუტინთან ძალიან კარგი და სწრაფი მოლაპარაკება მქონდა. სანქციები რომ დაგვეწესებინა, ან როგორც გინდათ, ისე დაარქვით, მას დაივიწყებდით. ვერასდროს  ნახავდით“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სანქციების საკითხი უკრაინის ომის მოგვარების მცდელობასაც უკავშირდება.

„გარიგებასთან ახლოს როცა ხარ და მოლაპარაკებები ძალიან დელიკატურ ეტაპზე მიდის, სანქციებს არ აწესებ. ვინც ამბობს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, არ ესმის, რომ მოლაპარაკება იმ წამს დასრულდებოდა. ამიტომ დაფიქრდით. სანქციების დაწესება ნებისმიერ დღეს შემიძლია, თუ ისინი ცუდად მოიქცევიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი