დონალდ ტრამპის მრჩეველი - ზელენსკი როდესაც ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტისთვის, ყირიმი აღარ არის
დონალდ ტრამპის მრჩეველი - ზელენსკი როდესაც ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტისთვის, ყირიმი აღარ არის

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ბრაიან ლანზა აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის სტრატეგმა „ბიბისის“ განუცხადა.

ლანზას თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მან წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ საკუთარი ვერსია.

„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არ არის სერიოზულად განწყობილი. ზელენსკი როდესაც ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის. თქვენი პრიორიტეტი თუ ყირიმის დაბრუნებაა და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენ თავად მიხედეთ თავს“, – განაცხადა ბაიან ლანზამ, რომელიც ტრამპის პოლიტიკური მრჩეველია 2016 წლიდან.

ბრაიან ლანზას განცხადებით, ის უდიდეს პატივისცემას გრძნობს უკრაინელი ხალხის მიმართ, თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტია მშვიდობა და მკვლელობის დასრულება.

„ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას ვუთხრათ, რას ხედავთ მშვიდობის რეალისტურ ხედვად? ეს არ არის გამარჯვების ხედვა, არამედ მშვიდობის ხედვა. მოდით, დავიწყოთ გულწრფელი საუბარი“, – აღნიშნა ლანზამ.

მოგვიანებით, „ბიბისის“ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დონალდ ტრამპის გარდამავალ ოფისში განაცხადეს, რომ რესპუბლიკელთა სტრატეგი ბრაიან ლანზა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა. „ბრაიან ლანზა საარჩევნო შტაბის კონტრაქტორი იყო. ის არ მუშაობს პრეზიდენტ ტრამპისთვის და არ საუბრობს მისი სახელით“, – აღნიშნულია ოფისის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის გარდამავალი ოფისის განცხადების შემდეგ, „ბიბისიმ“ სტატიაში შესწორებები შეიტანა. კერძოდ, ბრაიან ლანზა მოხსენიებულია როგორც ტრამპის მოკავშირე და ყოფილი მრჩეველი. ასევე აღნიშნულია, რომ ის მუშაობდა ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიაზე. სტატიის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ბრაიან ლანზამ არჩევნების შემდეგ ტრამპის საარჩევნო შტაბის მრჩევლად მუშაობა შეწყვიტა.