დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივენ მილერი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივენ მილერი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტისთვის კვლავ პრიორიტეტია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება“, – აღნიშნა მილერმა.

სტივენ მილერის თქმით, ძირითადი მიზანია ევროპაში მშვიდობის მიღწევა, ასევე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეწყვეტა.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა, ეპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი გეგმის შესახებ დასმული შეკითხვისთვის.

ცნობისთვის, Financial Times-მა ე.წ. სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები გაავრცელა, რომელიც, გამოცემის წყაროების განმარტებით, მაიამიში შეიმუშავეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. წყაროების ცნობით, ახალი გეგმა კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს.