დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა
დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა.

„დაუყოვნებლივ ძალაში შესული ბრძანების თანახმად, ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა, კონტაქტი ან კომუნიკაცია ვლოძიმეჟ ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და არც შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის და ისრაელის ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ხელმძღვანელების მობილიზებას, რათა ტრამპი 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის.

ამერიკის ელჩის განცხადებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და დიპლომატს პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ბატონო ელჩო როუზ, მოკავშირეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და არა ლექციები წაუკითხონ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პოლონეთში პარტნიორობა ასე გვესმის“,- დაწერა მან.

პოლონეთის პრემიერის განცხადებას კვლავ გამოეხმარა ელჩი ტომ როუზი. მისი თქმით, აშშ პოლონეთს და მის ხელისუფლებას პატივს სცემს და კრიტიკა მხოლოდ პარლამენტის სპიკერს მიმართებოდა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვვარაუდობ, რომ თქვენი გააზრებული და კარგად ჩამოყალიბებული შეტყობინება შეცდომით გამომიგზავნეს, რადგან, რა თქმა უნდა, ის სეიმის სპიკერ ჩაჟასტისთვის იყო განკუთვნილი, რომლის საზიზღარი, უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი კომენტარები პრეზიდენტ ტრამპის შესახებ პოტენციურად საზიანო იყო თქვენი მთავრობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მხოლოდ უდიდესი პატივისცემა და აღტაცება მაქვს თქვენი თამამი ლიდერობისადმი მთელი ცხოვრების განმავლობაში და თქვენი ათწლეულების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის, რომელმაც გააძლიერა აშშ-პოლონეთის ურთიერთობები. თქვენ, ბატონო, ნამდვილად იყავით სამაგალითო მოკავშირე და შეერთებული შტატების დიდი მეგობარი. და ვიცი, დამეთანხმებით, რომ დონალდ ტრამპის შეურაცხყოფა და დამცირება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, პოლონეთის უდიდესი მეგობრის შეურაცხყოფა და დამცირება უკანასკნელი რამაა, რაც ნებისმიერ პოლონელ ლიდერს უნდა, გააკეთოს. თქვენც იცით, მე ყოველთვის დავიცავ ჩემს პრეზიდენტს ყოყმანის, გამონაკლისის ან ბოდიშის მოხდის გარეშე“, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლონეთში აშშ-ის ელჩმა.