დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლა დაპირისპირების ფონზე დაიწყო, დემოკრატ კონგრესმენ ელ გრინს დარბაზი დაატოვებინეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დაიწყო. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დემოკრატმა კანონმდებლებმა პროტესტი გამოხატეს.
ტეხასის შტატის კონგრესმენი ელ გრინი დარბაზიდან გააძევეს იმ მიზეზით, რომ აქტიურად აპროტესტებდა ტრამპის გამოსვლას და ამბობდა, რომ ტრამპმა ვერ მოიპოვა საკმარისი მანდატი ნოემბრის არჩევნებში.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გრინის გაძევება მოითხოვა.
მოგვიანებით ელ გრინმა განაცხადა, რომ მუშაობს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად. რამდენიმე დემოკრატ კანონმდებელს შავი მაისურები ეცვათ.
ამასთან, აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო ილონ მასკი, რომელიც, ტრამპის გადაწყვეტილებით, მართავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს. დემოკრატებს კი ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით: „მასკი იპარავს“, „ტყუილია“. დემოკრატები პროტესტს გამოთქვამდნენ გარკვეული პროგრამების დაფინანსების შემცირების გამო.