დონალდ ტრამპის გეგმაზე „ჰამასის“ თანხმობას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან
დონალდ ტრამპის გეგმაზე „ჰამასის“ თანხმობას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან

ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჰამასის“ მიერ აშშ-ის გეგმაზე დათანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ჰამასის“ მიერ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რამაც მშვიდობასთან უფრო ახლოს მოგვიყვანა, ვიდრე ოდესმე. ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ ბრძოლა დასრულდეს, მძევლები სახლებში დაბრუნდნენ და ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმ ადამიანებამდე მიაღწიოს, ვისაც ეს სჭირდება. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეთანხმების განხორციელება დაიწყონ. დიდი ბრიტანეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ მოლაპარაკებებს და იმუშაოს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, როგორც ისრაელის , ისე პალესტინის მოქალაქეებისთვის“, – დაწერა კირ სტარმერმა.

„ჰამასის“ პასუხს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს.

„გერმანია დონალდ ტრამპის მოწოდებას მხარს სრულად უჭერს. უნდა მოხდეს მძევლების გათავისუფლება. „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თითქმის ორი წლის შემდეგ, ეს მშვიდობის მიღწევის საუკეთესო შანსია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.