დონალდ ტრამპის განცხადებით, დახურული ჯგუფის მიმოწერაში რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია არ გამჟღავნებულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ბრალდებები იემენზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების დეტალების გაჟონვის თაობაზე.
როგორც ტრამპმა განაცხადა, დახურული ჯგუფის მიმოწერაში რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია არ გამჟღავნებულა.
აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჩაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი მაიკლ უოლცი კვლავ განაგრძობს მუშაობას.
ტრამპის თქმით, ტექნოლოგიური პრობლემები, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს.
„ეს არის ფასი, რომელსაც იხდით, როცა არ ზიხართ ოთახში ტელეფონების გარეშე“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა, „თუ ოთახში ყველა ერთად იქნებოდა, რომელსაც ექნება მყარი კედლები, ჭერი და იატაკი“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მაიკ უოლცი მომავალში, „სავარაუდოდ“, აღარ გამოიყენებს Signal-ის აპლიკაციას.