დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის მარაგის 90 პროცენტი შეისყიდა
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის მარაგის 90 პროცენტი შეისყიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის მარაგის 90 პროცენტი შეისყიდა. საუბარია „რემდესივირზე“, რომელიც „კოვიდ-19“-ის მკურნალობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტია.

მანამდე, აშშ-ის მიერ „რემდესივირის“ მსოფლიო მარაგის თითქმის სრულად შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა „გარდიანმა“ გაავრცელა. ჟურნალისტების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ კალიფორნიული კომპანია „გილეადისგან“ წამლის 500 ათასი დოზა შეისყიდა. ეს გახლავთ კომპანიის მიერ ივლისში წარმოებული მედიკამენტის მარაგის 100 პროცენტი და აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილი წარმოების 90 პროცენტი.

რემდესივირი“ თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ შექმნეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტიანად მოქმედებს.

მაისში აშშ-მა საგანგებო ნებართვა გასცა, რომ პრეპარატი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოეყენებინათ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა. ივნისში „რემდესივირის“ გაყიდვა დაუშვეს ევროკავშირშიც. კომპანია „გილეადმა“ აიღო ვალდებულება, რომ ევროპაში მედიკამენტი შეიტანოს.