დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ინდონეზიას 19%-იანი ტარიფი დაუწესა და წვდომას მიიღებს მათ ბუნებრივ რესურსებზე, ამერიკული პროდუქტები კი ინდონეზიაში ტარიფების გარეშე შევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდონეზიასთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, ამერიკული პროდუქტები ტარიფების გარეშე შევა ინდონეზიაში, ხოლო ინდონეზიური პროდუქტები 19%-იან გადასახადს დაქვემდებარება აშშ-ში.
„ჩვენ სრულ წვდომას ვიღებთ ინდონეზიაში ყველაფერზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ინდონეზია ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყანა ცნობილია მაღალი ხარისხის სპილენძისა და სხვა ძვირფასი ლითონების მარაგებით.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ამერიკა წვდომას მიიღებს ინდონეზიის ბუნებრივ რესურსებზე, რაც ადრე შეუძლებელი იყო.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმებები მზადდება სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, ინდოეთთანაც.
„ჩვენ რამდენიმე ასეთი შეთანხმება გვაქვს მომზადებული“, – აღნიშნა ტრამპმა.