დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ მომავალი წლის ბოლოს იუნესკო-ს დატოვებს
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ მომავალი წლის ბოლოს იუნესკო-ს დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ამერიკა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან, იუნესკო-დან გავიდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის ბოლოს შევა და შეერთებული შტატები ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ტემი ბრიუსი ავრცელებს.

„იუნესკო-ში დარჩენა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. იუნესკო ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რაც ჩვენს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. იუნესკო-ს მიერ ე.წ. პალესტინის სახელმწიფოს წევრად მიღების გადაწყვეტილება ძალიან პრობლემურია, ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას და ხელს უწყობს ისრაელის წინააღმდეგ რიტორიკის გავრცელებას ორგანიზაციაში.

ამერიკა საერთაშორისო ორგანიზაციებში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ეს ამერიკის ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენი წევრობა გადამოწმების პროცესს ექვემდებარება. იუნესკო-დან  გასვლა ამ გადამოწმების შედეგია“, – აღნიშნა ბრიუსმა.

იუნესკო-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წუხს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, თუმცა დასძინა, რომ ეს „მოსალოდნელი იყო და იუნესკო მზად არის ამისთვის“.