აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ნიუ იორკის ყოფილი მერი ბოლოა თეთრ სახლთან ახლოს მყოფ პირებს შორის, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდათ.
„რუდი ჯულიანი ნიუ იორკის ისტორიაში უდიდესი მერი, რომელიც დაუღალავად მუშაობს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული არჩევნების გამოსავლენად, დადებითი აღმოჩნდა ჩინეთის ვირუსის მიმართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„როიტერს“ ორმა წყარომ განუცხადა, რომ 76 წლის რუდი ჯულიანი კვირას ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სამკურნალოდ იყო მოთავსებული. ტრამპის ადვოკატის ოჯახის წევრების განცხადებით, რუდი ჯულიანი თავს კარგად გრძნობს.