დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობაში, სამუშაო სივრცეში ადგილები ჩამოართვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას – New York Times-ს, National Public Radio-ს, NBC News-სა და Politico-ს პენტაგონის შენობაში, სამუშაო სივრცეში ადგილები ჩამოართვეს. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულმა მედიაორგანიზაციებმა 14 თებერვლამდე უნდა დატოვონ პენტაგონის სამუშაო სივრცეები, ხოლო მათ ადგილას განთავსდებიან New York Post-ი, One America News Network-ი, Breitport News-ი და HuffPost News-ი.
პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანია სხვა მედიასაშუალებებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა და ყოველწლიური როტაციის პრინციპის დანერგვა, თუმცა დაზარალებული მედიაორგანიზაციები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.
NBC News-ი აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუშლის მათ საინფორმაციო საქმიანობას, New York Times-ი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. NPR-ი მოუწოდებს თავდაცვის დეპარტამენტს, გაზარდოს სამუშაო სივრცე, რათა უზრუნველყოს ყველა მედიასაშუალების თანაბარი წვდომა.
პენტაგონის პრესსამსახური უარყოფს მედიაზე ზეწოლის ბრალდებებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ ზღუდავს მედიასაშუალებების საქმიანობას.