დონალდ ტრამპის 2025 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა ოჯახმა კრიპტოპროექტებიდან 1.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2025 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა ოჯახმა კრიპტოპროექტებიდან 1.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტრამპის ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ციფრული აქტივები გახდა.
დოკუმენტების თანახმად, მისი კომპანიების შემოსავლის უდიდესი ნაწილი მოდის პრეზიდენტისა და მისი შვილების მიერ დაფუძნებულ კრიპტოპლატფორმა World Liberty Financial-სა და „ტრამპის მიმ-კოინების“ გაყიდვებზე.
„როიტერის“ შეფასებით, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპის ოჯახმა კრიპტოპროექტებით, სულ მცირე, 2.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. როგორც მედია წერს, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ კრიპტოსექტორის კონტროლი შეამცირეს.
თეთრი სახლი ინტერესთა კონფლიქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ბიზნესს მისი შვილები მართავენ, ხოლო ტრამპის პოლიტიკამ აშშ „მსოფლიოს კრიპტოდედაქალაქად“ აქცია. მედიის ცნობით, კრიპტოვალუტის გარდა, ტრამპმა მილიონობით დოლარის შემოსავალი მედიაკომპანიებთან სასამართლო მორიგებებიდან (კომპენსაციის სახით) და უცხოურ უძრავ ქონებაზე საკუთარი სახელის ლიცენზირებიდანაც მიიღო.