დონალდ ტრამპი - ყოველთვის ცდილობთ გამოჭერას, გამოჭერას, გამოჭერას... სწორედ ამიტომ აღარავინ ენდობა მედიას
დონალდ ტრამპი - ყოველთვის ცდილობთ გამოჭერას, გამოჭერას, გამოჭერას... სწორედ ამიტომ აღარავინ ენდობა მედიას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიას ურჩევს, იყოს პოზიტიური. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ტელეკომპანია „პიბიესის“ (PBS) ჟურნალისტ იამიჩე ალსინდორთან კამათი მოუვიდა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა იმ სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ, რომელიც გუბერნატორებმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე შტატებისთვის მოითხოვეს.

„როგორც თქვენ რამდენჯერმე თქვით, ფიქრობთ, რომ გუბერნატორებს მოთხოვნილი ზოგიერთი აღჭურვილობა სინამდვილეში არ სჭირდებათ“, – აღნიშნა ალსინდორმა, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არ უთქვამს.

„ადამიანებო, რატომ არ იქცევით ცოტა უფრო პოზიტიურად? ყოველთვის ცდილობთ გამოჭერას, გამოჭერას, გამოჭერას. სწორედ ამიტომ აღარავინ ენდობა მედიას… ამიტომ მუშაობდით თქვენ „თაიმსისთვის“ და ახლა სხვისთვის მუშაობთ. ნება მომეცით, გითხრათ რაღაც… იყავით კეთილი. ნუ იმუქრებით“, – მიმართა ტრამპმა რეპორტიორს.

მანამდე „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სასუნთქი აპარატების მოთხოვნილი რაოდენობა შესაძლოა, რეალურად საჭიროზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.

„მაქვს განცდა, რომ ეს ციფრები, რომლებიც ზოგიერთ რაიონში დაასახელეს, გაცილებით დიდია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს. არ მჯერა, რომ გჭირდებათ 40 ათასი ან 30 ათასი სასუნთქი აპარატი. ზოგჯერ დიდ საავადმყოფოებში შედიხარ და მათ მხოლოდ ორი სასუნთქი აპარატი აქვთ და ახლა მოულოდნელად ისინი ამბობენ – „შეგვიძლია შევუკვეთოთ 30 ათასი სასუნთქი აპარატი“, – განაცხადა ტრამპმა.