დონალდ ტრამპი - ვწყვეტთ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას, შვიდი დღის განმავლობაში კანადას შევატყობინებთ იმ ტარიფს, რომლის გადახდაც მოუწევთ აშშ-თან ბიზნეს საქმიანობისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, ამის მიზეზი კანადის მხრიდან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ციფრული სერვისების გადასახადის შემოღებაა. ამერიკის პრეზიდენტი კანადის ამ გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელს უწოდებს.
„ეს არის პირდაპირი და აღმაშფოთებელი თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ცალსახაა, რომ ისინი ევროკავშირს ჰბაძავენ, რომელმაც იგივე გააკეთა და ამჟამად ჩვენთან მოლაპარაკებებს მართავენ. ჩვენ ამით ვწყვეტთ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას, დაუყოვნებლივ. ჩვენ მომავალი შვიდი დღის განმავლობაში კანადას შევატყობინებთ იმ ტარიფს, რომლის გადახდაც მოუწევთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბიზნესსაქმიანობისთვის“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.