დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჰელსინკიში ჩავიდა [ვიდეო]

დონალდ ტრამპი უკვე ჰელსინკიშია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი ფინეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ბორტი ნომერი ერთი ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა.

აშშ-ის ლიდერი ფინეთში პირველ ლედი მელანია ტრამპთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩავიდა. მათ შორის არის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

აეროპორტში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფის წევრი თორნიკე მაისაშვილი. გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ კადრებს.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 16 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ასევე, დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები. საღამოს კი გაიმართება ტრამპისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის არის აშშ-ის და რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე სირია და უკრაინა.

შეგახსენებთ, რომ ეს ტრამპისა და პუტინის რიგით რიგით მესამე შეხვედრაა, თუმცა აშშ-ისა და რუსეთის ამ დონის სამიტი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ არ გამართულა.

ჰელსინკიში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფი და შეხვედრის შესახებ ინფორმაციას დილიდან განახლებად რეჟიმში მოგაწვდით.